თორის საკვირაო თავი ,,ბეშალახ“
ვინ კვებავს რებე ზუსიას?
,,მოგცემთ უფალი საღამოთი ხორცს საჭმელად და დილით პურს მაძღრისად, ვინაიდან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა...“ (ბეშალახ, 16:8)
ყოველ დილით, ლოცვის შემდეგ რებე ზუსია ჰაშემს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: ,,სამყაროს მეუფევ, ზუსია მშიერია, მას მადა აქვს, ესე იგი ჯანმრთელია, მადლობა შენ ამისთვის... ზუსია მშიერია, გთხოვ, მიეცი მას საკვები!“ ამ სიტყვების გაგონებაზე შამაში ოთახში შემოდიოდა და საუზმე შემოჰქონდა. ასე ხდებოდა ყოველ დღე. ერთხელ, შამაში ხასიათზე არ იყო და თავისთვის ბუზღუნებდა: ,, რებე ზუსია საკვებს ჰაშემს სთხოვს, მიტანით კი მე მიმაქვს. ჰმ, ახლა გაჩვენებ, ვინც ზრუნავს შენს კვებაზე!“ — ჩაილაპარაკა შამაშმა, ნიკაპი მუშტში ჩაიდო და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.
მეორე დღეს, რებე ზუსია სინაგოგისკენ ჩვეულებისამებრ დილაადრიან გაემართა. ქალაქ ანიპოლის ტალახიან ქუჩებში სიარული რომ გაადვილებოდათ, ადგილობრივებმა დიდ წუმპეებზე ფიცრები დააწყვეს და ზედ ფრთხილად გადადიოდნენ. ერთ-ერთ ასეთ საცალფეხო ფიცარზე რებე ზუსია დინჯად მიდიოდა. ფიცრის მეორე მხარეს ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, როცა რებეს მიუახლოვდა, მის ნელ სიარულს აღარ დაელოდა, არც გზა დაუთმო, რებეს ქეჩოში სწვდა და მოხუცი ტალახში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, ეს კაცი სტუმარი იყო და ქალაქში თავისი საქმეებს აგვარებდა. ის რებეს სახეზე არ სცნობდა, მაგრამ როცა ხალხის შეძახილები გაიგონა, მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა.
,,მე ხომ არ ვიცოდი, რომ ეს თქვენი ცადიკი იყო, როგორ მოვიქცე, რომ არ შემაჩვენოს?“ — შეწუხებული ეკითხებოდა კაცი სასტუმროს მეპატრონეს. სასტუმროს მეპატრონემ მას რებე ზუსიასთან შერიგება ურჩია. ,,ამის გაკეთება ხვალ დილით, ლოცვის შემდეგ გირჩევნია, ეს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა“ — დაარიგა სტუმარი სასტუმროს მეპატრონემ.
დილით კაცმა ლანგარი ნუგბარით გაავსო, ,,ლეხაიმ-ი“ ამოიღლიავა და რებესკენ გასწია.
,,სამყაროს მეუფევ, ზუსია მშიერია, გთხოვ, დაანაყრო იგი!“ — ჩვეულებრივ დაიწყო დილა რებე ზუსიამ. კარების უკან შამაში იდგა და თავისი ოინისგან კმაყოფილი ხელებს იფშვნეტდა. ,,ახლა გაიგებს, ვინც აჭმევს!“ — ფიქრობდა ის. უცებ ვიღაცამ მხარი გაჰკრა, გაკვირვებული შამაში გვერდზე გადაიწია. ოთახის კარი გაიღო და რებესთან ხელდამშვენებული სტუმარი შევიდა. მან ლანგარი მაგიდაზე დადო, რებეს თავი მორჩილად დაუხარა და პატიება სთხოვა. რა თქმა უნდა, რებემ მთელი გულით აპატია. სტუმარმა შვებით ამოისუნთქა და წავიდა. ახლა კი დარწმუნდა შამაში, თუ ვინ კვებავს რებეს! ღმერთმა ჰქნას, რომ არასდროს დაგვავიწყდეს, ვინ გვიგზავნის საზრდოს!
შენიშვნა: რებე ზუსია ანიპოლიიდან, (1719-1800წწ.) მესამე თაობის ხასიდი ცადიკი, მეჟერიჩელი მაგიდის მოსწავლე, ლეჟანსკელი რებე ელიმელეხის უმცროსი ძმა. ათეულობით ისტორიისა და გამონათქვამის ავტორი, სადაც ხასიდუთის აზრია გადმოცემული. რავ ალექსანდრე კაცის ვერსიით, რებე ზუსიას მთლიანი სახელია რაბი მეშულამ-ზიუშა ბარ ელიეზერ-ლიპა ვაისბლუმი.
შაბათ შალომ! რაბი მეირ კოზლოვსკი
შაბათის შემობრძანება: 17:54
შაბათის გასვლა: 18:57
... See MoreSee Less